შერჩევითმა სამართალმა ახლა თიბისი ბანკისთვის მოიცალა

შერჩევითმა სამართალმა ახლა თიბისი ბანკისთვის მოიცალა და დღეს თუ ამის ნებას მივცემთ, ხვალ კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვიქნებით - ასე ეხმაურება ჯგუფის დამფუძნებელი თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწოდებს გადახედოს მის გადაწყვეტილებას.

 განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ:

ყველა ვინც მიცნობს და იცნობს ჩემს საქმიანობას, იცის რომ ვბრძოლობ საბანკო პრობლემების წინააღმდეგ, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ვიბრძვი ჩემი პროფესიული რესურსით და ხშირად წარმატებითაც.ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ბანკის მხარდაჭერა მომიწევდა. მაგრამ ვაკვირდები ბოლო პერიოდში თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ვხვდები, როგორი დაუცველები ვართ რიგითი მოქალაქეები, როდესაც ამხელა ორგანიზაციას მიადგა შერჩევითი სამართალი, რომელსაც ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესის ელფერი დაჰკრავს.

ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმის გარშემო, მაგალითად - რატომ დაინტერესდა პროკურატურა 2019 წლის იანვარში 2008 წლის საბანკო ოპერაციებით, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორებისა თუ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მათ შორის თავად ეროვნული ბანკის მიერ შემოწმებული ?რატომ მოხდა ეს ანაკლიის პორტის პროექტის დაწყებამდე ?ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი წილების ან თუნდაც ბიზნესის წართმევას ან უბრალოდ ურჩი ბიზნესმენების „დასჯის“პოლიტიკას ?რატომ ამღერდა ერთ ხმაში ყველა სამთავრობო რგოლი ? რას ემსახურება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და რამდენად კანონიერია ის ?

მოვისმინე ბიზნეს ომბუცმენი როგორ გაჭირვებითსაუბრობდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საჭიროებაზე, არადა საუბარი არასდროს უჭირს ხოლმე ... და მივხვდი, დღეს თუ არ მოხდება ხმის ამოღება და არ დაიწყება ბრძოლა სამართლიანობისათვის, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ყველას გვახსოვს ალბათ ცოტახნისწინ განვითარებული მოვლენები - სასამართლოს მიღმა, შუშის სასახლეში დარეგულირებული ბიზნეს დავები; სარდაფებში გარჩეული საქმეები; ბიზნეს წილების მოთხვონა/წართმევის სცენარები; ღიად დაფიქსირებული უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ და დაპირება, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს.

სავარაუდოდ შერჩევითმა სამართალმა ახლა თიბისი ბანკისთვის მოიცალა და დღეს თუ ამის ნებას მივცემთ, ხვალ კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვიქნებით.

ჩვენივე ეკონომიკას ვარყევთ, როდესაც ხელოვნურად ექმნება საფრთხე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და არც იმის ფუფუნება გვაქვს საქართველოს ბიუჯეტიდან ვანაზღაუროთ პერსონების სურვილებზე აგებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებით გამოწვეული ზიანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მინდა მოვუწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს - გააკეთოს განმარტებები მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და გადახედოს მის საჭიროებას; საქართველოს პროკურატურას კი - შეძლოს და აწარმოოს ობიექტური გამოძიება.