მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მოპოვების საფუძვლები, პროცედურები და შეღავათები

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად. ამ მხრივ, აუცილებელია სხვადასხვა სოციალური დახმარებების გამოყოფა ოჯახების წახალისების მიზნით, რათა სახელმწოფომ ხელი შეუწყოს დემოგრაფიული განვითარების წინსვლას. სახელმწიფოს პოლიტიკა მსგავს საკითხთან მიმართებაში უნდა იყოს ისეთი, რომ სამომავლოდ შევძლოთ და თავიდან ავიცილოთ დემოგრაფიული პოლიტიკის გაუარესება და არ დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც მოსახლეობის განახევრება ჰქვია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სახელმიფო მხარს უჭერს მრავალშვილიანი მშობლის ინსტიტუტსს და გამოყოფს სხვადასხვა სახის დახმარებას მრავალშვილიანი მშობლებისათვის.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სოციალური და სამართლებრივი დაცვის რიგ მექანიზმებს, როგორც მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახის წევრებისთვის, ისე უშუალოდ მშობლებისთვის. ტერმინი, მრავალშვილიანი მშობელი, საქართველოს კანონმდებლობაში ადრეც არსებობდა, თუმცა კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად 2006 წელს გაუქმდა. 2018 წლამდე, მანამ, სანამ კანონმდებლობაში არ მოხდა ცვლილებების შეტანა, განუსაზღვრელად რჩებოდა საკითხი და არ არსებობდა ზუსტი დეფინიცია იმისა თუ რას ნიშნავდა მრავალშვილიანი მშობელი. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განმარტებულ იქნა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი. კერძოდ, დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მრავალშვილიანად ითვლება მშობელი, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი, მათ შორის ნაშვილებიც.

დღეის მდგომარეობით საკითხი არ არის დაზუსტებული, თუმცა დაგეგმილი წესის შესაბამისად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭებას განახორციელებს სერვისების განვითარების სააგენტო. ხოლო იმისათვის, რომ პირმა მოიპოვოს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, საჭირო იქნება წარადგინოს - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბავშვების დაბადების მოწმობები. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მაძიებელი პირი მხარდაჭერის მიმღებია, დამატებით საჭიროა სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება, რომ პირი ნამდვილად მხარდაჭერის მიმღებია. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით დარეგისტრირდება მრავალშვილიან მშობელთა რეესტრში. ამასთან, ორივე მშობლისთვის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება დედა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების (დადგენილება N 517) შესაბამისად, რომლის ამოქმედებაც მოხდება 2019 წლის 01 იანვარს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მატარებელ პირთა ოჯახები სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას, კერძოდ:

· მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის ოჯახი, სახელმწიფოსგან მიიღებს სოციალურ შეღავათს ელექრტოენერგიაზე, რომლის ოდენობაც ყოველთვიურად შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. ოჯახი, ყოველ მე-5 და მომდევნო თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე დამატებით მიიღებს 10 ლარს, მოხმარებული ელექტროენერგიიის ოდენობის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულ სოციალურ დახმარებას მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონეს პირი იღებს იმ შემთხვევაში, თუ ის რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე. ამასთან, აღნიშნული ელექტროენერგიის შეღავათი არ გაიცემა იმ მრავალშვილიან მშობელზე, რომლის ბავშვებიც იმყოფებიან სახელმწიფო მეურნეობის/მზრუნველობის ქვეშ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო მეურნეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი შვილების გარდა მშობელს თავის კმაყოფაზე ჰყავს კიდევ 4 არასრულწლოვანი შვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელექტროენერგიის სოციალური შეღავათის არსებობა არ გაითვალისწინება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახ(ებ)ის შემოსავლებში და არ არის ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველი.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სახელმწიფო ასევე ხელს უწყობს მრავალშვილიანი მშობლის შვილების განათლების დაფინანსებას. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილების (დადგენილება N 463) შესაბამისად, განსაზღვრულია განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა, რომელთა დასაფინანსებლადაც სახელმწიფოს მიერ გაიცემა გრანტები. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, იმ სტუდენტთა საერთო რაოდენობა, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები - შეადგენს 100 სტუდენტს. გრანტი გამიზნულია იმ სტუდენტებზე, რომელებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამასთან გრანტის მოქმედება ვრცელდება 4 წლის განმავლობაში, მანამ, სანამ მოხდება სწავლის პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დასრულება.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს სოციალური მუშაობის წესებს მრავალშვილიანი მშობლების სტატუსის მქონე ოჯახებთან. ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, მრავალშვილიანი ოჯახი შესულია სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ჯგუფში და სარგებლობს შემდეგი პრივილეგიით:

· აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მათთან მუშაობისას მოქმედებს კეთილგანწყობილი მიდგომით;

· საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სოცილაურ მუშაკს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის წევრს ეხმარება ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

· აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მოქმედებს არამართლზომიერად დაკავებული ან გადაადგილებული ბავშვის დაბრუნების საქმეებში. შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ, როგორც პროცესუალურ, ისე ფსიქოლოგიურ დახმარებას აღსრულების ეროვნული ბიუროსგან.

კიდევ ერთი პრივილეგია, რითაც მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი მშობლები სარგებლებენ არის ის, რომ მათ  მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მრავალშვილიან მშობელში იგულისხმება პირი, რომელთანაც სამი ან მეტი 18 წლამდე შვილი ცხოვრობს, ხოლო იმ პირს, რომელსაც ერთი ან ორი 18 წლამდე შვილი ჰყავს საშემოსავლო გადასახადი 3 000 ლარამდე შეუმცირდება 50 %-ით. სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეღავათებს ვერ მიიღებს ის მრავალშვილიანი მშობელი, რომლის შვილიც/შვილებიც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ არიან განთავსებულნი და მშობელთან ერთად არ იზრდებიან. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ასეთის გარდა სხვა შვილებიც ჰყავს, რომელთა რაოდენობა მეტია ან ტოლი 4-ისა და ისინი 18 წელს მიუღწევლები არიან, ასეთი პირი ჩვეულებრივად ისარგებლებს სოციალური შეღავათებით.

შეგახსენებთ, რომ მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ შესაბამისი კონსულტაცია ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კომპანიაში ამ დროისათვის, ყოველი პარასკევი არის უფასო კონსულტაციის დღე.