მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების წინაპირობები და სოციალური შეღავათები

საქართველოში მარტოხელა მშობლის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის საკითხი საკმაოდ აქტუალურია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. საკანონმდებლო ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი საქართველოში ოფიციალურად 2015 წლის 15 ივნისიდან  არსებობს და ის განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 11911-ემუხლით. წინამდებარე სტატიის ფარგლებში, განხილული იქნება მარტოხელა მშობლის - როგორც დედის, ისე, მამის სამართლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, სტატუსის მიღებისთვის საჭირო წინაპირობები, უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტაცია, სტატუსის გაუქმების საფუძვლები და მასთან დაკავშირებული სოციალური გარანტიები.

მარტოხელა მშობლის სტატუსი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში „ბრძანება“). ბრძანება განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც შეიძლება მიენიჭოს მარტოხელა მშობლის სტატუსი, კერძოდ: მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ:

· დედა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის მონაცემები ან მონაცემების მითითება მოხდა დედის განცხადებით (ბავშვის მამის სახელი განისაზღვრა დედის განცხადებით და მამის გვარად განისაზღვრა დედის გვარი);

· მშვილებელი ქალი,  რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის მონაცემების არსებობა, აგრეთვე  მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.

მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირს, თუ:

· მამა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის დედის მონაცემები;

· მშვილებელი კაცი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე  მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა სტატუსის მაძიებელმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა/ორგანომ განცხადებით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (იუსტიციის სახლი) და წარადგინოს კანონით დადგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ:

· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

· ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა;

· სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა, თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია და განცხადების წარდგენა ხდება კანონიერი წარმომადგენლის მიერ;

· სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებას, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები;

· სხვა დოკუმენტებს, რაც აუცილებელია სტატუსის დადგენისათვის.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებლის განცხადებას განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და იღებს გადაწყვეტილებას განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს.  სწორედ ამ ორგანოში ხდება მარტოხელა მშობლების რეესტრის წარმოება. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 3 112 მარტოხელა დედა და 1 მარტოხელა მამაა. თუმცა ამ სტატისტიკაში არ ექცევა იმ დედებისა და მამების რაოდენობა, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებისთვის საჭირო კანონით დადგენილ წინაპირობებს. მიუხედავად ამ კუთხით მუშაობისა, ჯერ კიდევ არ განხორციელებულა ცვლილებები კანონში და ამ ეტაპზე, სტატუსს მიღმა რჩებიან ქვრივებიც.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სრული და ზუსტი ჩამონათვალი იმ კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტებისა, რომლებიც იცავს მარტოხელა მშობლების უფლებებს და ქმნის მათ სოციალურ თუ სამართლებრივ გარანტიებს. სამოქალაქო კოდექსში არსებული ამ ჩანაწერის მიუხედავად, ერთადერთ  შეღავათს  საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედა საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3000 ლარის შემოსავლის ფარგლებში. ამასთან, საგადასახადო კოდექსი ამ შეღავათს მხოლოდ დედებისთვის აწესებს, მამები კი დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან. სხვა გარანტიებს, ამ ეტაპზე, კანონი არ ითვალისწინებს. არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა მარტოხელა მშობლების სოციალური გარანტიების შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება გარკვეული სოციალური პროგრამები მარტოხელა მშობლების დასახმარებლად, ამ პროგრამებს არ აქვთ მასშტაბური სახე და მათი არსებობა დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილ ნებაზე.

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები დადგენილია ბრძანებით, კერძოდ, მარტოხელა მშობლის სტატუსი უქმდება, თუ დადასტურდება შემდეგი გარემოებები:

· მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი გარდაიცვალა;

· გარდაიცვალა ბავშვი, რომელთან დაკავშირებითაც გაცემული იყო მარტოხელა მშობლის სტატუსი;

· კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო გადაწყვეტილება, სტატუსის მქონე პირის ან/და ბავშვის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ;

· შესაბამისი წესით ბათილად იქნა ცნობილი იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომლის მიმართად იქნა დადგენილი მარტოხელა მშობლის სტატუსი;

· ბავშვი, რომლის მიმართაც იქნა დადგენილი მარტოხელა მშობლის სტატუსი, გახდა 18 წლის ან დაქორწინდა;

· ბავშვს, რომლის მიმართაც დადგენილი იქნა მარტოხელა მშობლის სტატუსი, დაუდგინდა მეორე მშობელი;

· გაშვილდა ბავშვი, რომელთან დაკავშირებითაც იქნა დადგენილი მარტოხელა მშობლის სტატუსი;

· მოძიებულ იქნა ბავშვის დაბადების შესახებ დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება ბავშვის მამის შესახებ მონაცემები (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბავშვის მამის სახელი დაფიქსირებულია დედის განცხადებით, ხოლო მამიც გვარად მითითებულია დედის გვარი;

· სტატუსის მქონე პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;

· სტატუსის მქონე პირს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;

· სტატუსის მქონე პირმა სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

აღსანიშნავია, რომ ბრძანების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს სტატუსის მქონე პირის დაქორწინება. თუმცა, სამოქალაქო კოდექსში 2017 წლის 22 დეკემბერს შესული ცვლილებების თანახმად, სტატუსის მქონე პირის დაქორწინება აღარ წარმოადგენს სტატუსის გაუქმების საფუძველს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ იერარქიულად მაღალ საფეხურზე მყოფი კანონის - სამოქალაქო კოდექსის დანაწესები.

წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილეთ კანონმდებლობა, რომლითაც განისაზღვრება მარტოხელა მშობლის სამართლებრივი მდგომარეობა. საკითხი საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან არ არსებობს იმ მშობლების რაოდენობის ზუსტი სტატისტიკა, რომლებიც რეალურად მარტო ზრდიან ბავშვს და არ არის შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პროგრამები საზოგადოების ამ ნაწილის დასახმარებლად. გარდა ამისა, საზოგადოებაში ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაც პრობლემაა. სტატიაში ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც უკავშირდება მარტოხელა მშობლის სტატუსს, სტატუსის მისაღებად გასავლელ პროცედურებსა და გარანტიებს, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს სტატუსის მქონე პირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი მუდამ მზად არის მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ამ და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.