შემაკავებელი/დამცავი ორდერი - მსხვერპლის დაცვის რეალური მექანიზმი?!

დღესდღეობით, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას და ამასთანავე გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის საქართველოში. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნებისმი­ე­რი სა­ხის, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

სამწუხაროდ, შემაკავებელი ორდერის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ოჯახის წევრებზე. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კი ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრი არის - დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მსხვერპლის მოძალადისგან დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ დროებით დამცავ მექანიზმს - შემაკავებელ და დამცავ ორდერს.

· შემაკავებელი ორდერი ფორმდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელის მიერ, უშუალოდ ფაქტზე რეაგირების დროს. გაფორმებული შემაკავებელი ორდერი იგზავნება სასამართლოში და საკმარისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მტკიცდება 1 თვემდე ვადით. შემაკავებელი ორდერით, მოძალადეს შესაძლოა აეკრძალოს იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იმყოფება მსხვერპლი, შეეზღუდოს იარაღით, მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით სარგებლობის უფლება, შესაძლოა მოხდეს მოძალადისგან ბავშვის განცალკევება, ასევე სხვა ღონისძიებების გათვალისწინება, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის.

· დამცავი ორდერის გამოცემა ახდენს სასამართლო, შემდეგი წესით - უფლებამოსილი პირის მიერ  განცხადებით მიმართვიდან 10 დღის ვადაში, სასამართლო ნიშნავს პროცესს და იღებს გადაწყვეტილებას ორდერის გამოსცემის შესახებ 6 თვემდე ვადით (მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო). იმ შემთხვევაში, თუ საერთო 6 თვიანი ვადის გასვლის შემდგომაც არსებობს საფრთხე, რომ კვლავ განმეორდება ძალადობის ფაქტი, უფლებამოსილი პირის სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, შესაძლოა დამცავი ორდერის მოქმედების ვადა, სასამართლოს მიერ გაგრძელდეს კიდევ 3 თვით. კანონმდებლობის შესაბამისად, დამცავი ორდერის მოქმედების საერთო ვადად განისაზღვრება 9 თვე. აღსანიშნავია, რომ პირველივე ჯერზე, გამოცემული დამცავი ორდერი, შესაძლოა, ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.

დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს, მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან/და მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მას უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ: სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.

იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ჩამოყალიბდება კეთილგანწყობილი, მშვიდობიანი ურთიერთობა და სამომავლოდ არ იარსებებს ძალადობის განმეორების საფრთხე, მათი ერთობლივი განცხადების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს დამცავი/შემაკავაბელი ორდერის გაუქმება.

დამცავი/შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი - უბნის ინსპექტორი. თუ მო­ძა­ლა­დე არ შეასრულებს ორდერით დაკისრებულ ვალდებულებას, კანონი ითვალისწინებს, როგორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლ პა­ტიმ­რო­ბას, ისე გა­მა­ს­წო­რე­ბე­ლ სა­მუ­შა­ოს. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულია 7 დღემ­დე პატიმ­რო­ბა, ხოლო დამ­ცა­ვი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის - 15 - დღემდე პა­ტიმ­რო­ბა ან გამასწორებელი სა­მუ­შა­ო­.

თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად, საქმის მასალები ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს ოჯახში ძალადობის 2 143 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ფაქტები 2016 წელთან შედარებით თითქმის 50%-ით არის გაზრდილი, რაც შესაძლოა ორ რამეზე მიუთითებდეს: 1. ძალადობის მსხვერპლი პირების მხრიდან გაიზარდა მიმართვიანობა სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის. 2. დროებითი, დამცავი მექანიზმები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემაკავებელი/დამცავი ორდერის სახით, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვის ეფექტურ მექანიზმს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ შესაბამისი კონსულტაცია ამ და სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. კომპანიაში ყოველი პარასკევი დღე არის უფასო კონსულტაციების დღე.